ვაშლის ძმრის მწარმოებელი კომპანია "ვინ ეგარი" ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში პირველ მოსავალს აგვისტოში მიიღებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პატარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ლეჩხუმში ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და პროექტი მერიაშიც ჩაბარებულია.

მისივე ინფორმაციით, "ვინ ეგარი" ახალ საწარმოში მუშაობის დაწყების შემდეგ წარმადობის ზრდასა და ვაშლის ჩირის წარმოებად გეგმავს.

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წლიურად ორმაგდება. ახალი საწარმოს მშენებლობისთვის დაახლოებით, 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჩვენი ვაშლის ძმარი მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად ქართული, უწამლი ვაშლისგან მზადდება. შესაბამისად, ვაშლს ფერმერებისგან ჩავიბარებთ, რაც ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასაც ხელს შეუწყობს. 

ვფიქრობთ, რომ წარმადობის გაზრდის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ HoReCa სექტორშიც განვვითარდეთ. ამჟამად, ჩვენი პროდუქცია 40-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათ შორის, სულ ახლახან "გუდვილის" ქსელში შევედით, რაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო გაგვიზრდის გაყიდვებს", - აცხადებს მარიამ პატარიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია პროდუქციის 100%-ვე ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა მომდევნო წლიდან ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

ცნობისთვის,"ვინ ეგარის” ვაშლის ძმარი გახლავთ ლეჩხუმის მაღალ მთიან სოფელში დაწყებული პატარა საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს ფონდი “აფხაზინტერკონტის” ინოვაციურ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კომპანია ტონობით ვაშლის გადამუშავებას ახდენს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, "წისქვილი ბაზრის" ფილიალებში, ასევე სხვადასხვა აგრო მაღაზიებში, როგორიცაა "ფერმარტი", "აგრო სახლი", "წილკანი" "ეკო კუთხე", "სუფრა", "მასა", ეპიკალურიე შოპ", ასევე, სუპერმარკეტების ქსელ "ნატურალში".  ვაშლის ძმრით მარაგდება ასევე, ქართული სტარტაპს/სტრიტ ფუდი -  "შოთი". სამომავლოდ კომპანია რეგიონების ქსელურ მაღაზიებშიც რეალიზაციასაც გეგმავს.

bp.ge