ამერიკის ტვირთი გამზადებული მაქვს, მაგრამ არ მიაქვთ. ამერიკელმა იმპორტიორმა აგვისტოში გამამზადებინა ღვინო, უნდა წაეღო, თუმცა ამ დრომდე ველოდები. ვწერ და მისგან პასუხია "დამაცადე", - ამის შესახებ ბიოღვინოს მწარმოებელი კომპანიის “ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს.

მისივე შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი აშშ-ის ახალი სატარიფო პოლიტიკაა.

"იმპორტიორთან ბოლო კომუნიკაციის დროს მან მითხრა, რომ აშშ-ში ღვინის რეალიზაცია ზოგადად შემცირდა. როგორც მან განმიმარტა ახალი თაობა ტრადიციულ ღვინოს აღარ მოიხმარს და უფრო პოპულარული უალკოჰოლო ღვინო გახდა. სწორედ ამიტომ ღვინის მოხმარება აშშ-ში შემცირდა. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, ტრამპის მიერ შემოღებული ახალი ტარიფების გამო იმპორტიორს აღარ უღირს, რომ აშშ-ში ღვინო შეიტანოს. 

ცუდი სიტუაციაა მსოფლიოში. ქართული ღვინის მოხმარების სტატისტიკა ყოველ წელს მზარდი იყო, თუმცა 2024 წლის ბოლო კვარტალმა და 2025 წელმა აჩვენა, რომ ქართული ღვინის ექსპორტმა არამარტო აშშ-ში, არამედ ევროპაშიც იკლო. 

ჩემი წარმადობის 70% ექსპორტზე იყიდებოდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 50%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ გაყიდვები არ შეცვლილა, რადგან ადგილზე მყავს ძალიან ბევრი ვიზიტორი. მარნის დაარსების დღიდან დღემდე - წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტს ვუმასპინძლე. ისინი ძირითადად, ინგლისიდან იყვნენ. ადრე ექსპორტის მიმართულების განვითარებას ვგეგმავდი, თუმცა, რადგან გლობალურად ასეთი მდგომარეობაა, გადავწყვიტე მარანს და ტურისტულ ნაწილს უფრო დიდი ყურადღება დავუთმო", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ "ღვარძელაშვილების მარანი" იაპონიაში ექსპორტისთვისაც ემზადება, მოლაპარაკებები დასრულებულია და პირველი ექსპორტიც სავარაუდოდ, მალე განხორციელდება.

ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარნის" ვენახი თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. კომპანია ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს, ხოლო ექსპორტზე 2018 წლიდან გადის.

რაც შეეხება ამერიკის სატარიფო პოლიტიკას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ  მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა.

CNBC-ის ინფორმაციით, ტარიფები არ ეხება შემდეგ პროდუქციას: 

  • ფარმაცევტული პროდუქტები
  • ნახევარგამტარები
  • ხის მასალა
  • სპილენძი და ოქრო
  • ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია.

bp.ge