ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალ Folie culinaire-ის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს  შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის 50-მდე სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და მას ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო  მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე იყო წარდგენილი.