კანადის ქალაქ კელოვნაში, 26-29 ოქტომბერს გამართულ WWTG-ის წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელი  შეთანხმებების განახლებისა და დარგის მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს სავაჭრო ბარიერების გადალახვა და როგორია მთავრობების როლი ღვინის ინდუსტრიის განვითარების საქმეში. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, რომ უფრო მეტი ქართული უნიკალური და ხარისხიანი ღვინო გაიყიდოს საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო  WWTG-ის როლი გლობალური ღვინის ბაზრის ინიციატივების რეალიზებაში, უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ვაჭრობის ხელშეწყობაში,  ასევე, WWTG-ის საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე.

1998 წელს დაფუძნებული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებაა და საქართველოსთან ერთად, მისი წევრები არიან აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.  ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის  ერთობლივი ქმედებების განხორციელება. WWTG  წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ინფორმაციის გაზიარებისა და ვაჭრობის დაბრკოლებებთან დაკავშირებული პოზიციების კოორდინაციისთვის.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს (WWTG) საქართველო 2014 და 2023 წლებში როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით თავმჯდომარეობდა. ორივე შემთხვევაში,  წევრი ქვეყნების მხრიდან ქართული მხარის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ამჟამად, WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა კანადაა.