კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ პროდუქციას ექსპორტზე საფრანგეთშიც გაიტანს. როგორც ქართული აგროპროდუქტის მმართველმა პარტნიორმა „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნა, გასაგზავნი პროდუქცია უკვე მზადაა.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიმართულებით. საფრანგეთში ჩვენს პროდუქტს კვლევების შედეგად მიენიჭა A კატეგორია, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვასხით საფრანგეთში გასაგზავნი პროდუქცია.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
მისივე განმარტებით, ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა როგორც ევროპულ ისე ადგილობრივ ბაზარზე მაღალია.
„ის პროდუქტი რომელიც საქართველოში ჩამოდის, 70% კონცენტრატებისგანაა დამზადებული. ანუ მიიღება ქიმიური ჩარევების შედეგად. 2017 წელს ჩვენ შევიძინეთ იტალიური დანადგარები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქიმიური ჩარევა არ მოხდეს და პროდუქცია იყოს სრულად ნატურალური. ზოგადად, ექსპორტი გარკვეულ პრობლემებთან ყოველთვის არის დაკავშირებული, თუნდაც სანდო პარტნიორის მოძიების კუთხით, თუმცა აქაც გვეხმარება გამოფენებში მონაწილეობა. ვიყავით გერმანიაში, დუბაიში, ამერიკაში. ეს გამოფენები პირველი კონტაქტების დამყარებაში გვეხმარება. ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროდუქტი არის ნატურალური და არის შაქრის დანამატის გარეშე. სწორედ ამით აიტაცა ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა ჩვენი პროდუქტი.“- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ კეთილი და პატიოსანი“ ბაზარზე წარმოდგენილია რვა სახეობით, თუმცა ახალ მიმართულებებზე მუშაობა გრძელდება.
„2014 წელს შეიქმნა ჩვენი კომპანია. თავდაპირველად, საქმიანობა სამაცივრე მეურნეობით დავიწყეთ და ძირითადად ხილის ექსპორტით ვიყავით დაკავებული. ამ პროცესში გამოჩნდა ძალიან ბევრი არასტანდარტული ხილი, მისი დახარისხება-დაკალიბრების შემდეგ. აქედან გამომდინარე, 2017-ში გაჩნდა იდეა, რომ დაგვეწყო ამ ხილის გადამუშავება. ამის შემდეგ მივიღეთ ყველა პროდუქტის ხილფაფები. უკვე 2019 წლიდან გადავწყვიტეთ „კეთილი და პატიოსანის“ შექმნა. ახლაც გვაქვს ძალიან საინტერესო გემოები. ასევე ჩავერთეთ სოუსების წარმოების მიმართულებითაც. შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“, დავაფინანსეთ აგროტური საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე და ძველი რეცეპტები გავათანამედროვეთ. შედეგად, მივიღეთ ძალიან საინტერესო პროდუტი. მაგალითად, წითელი ტყემლის და ჭარხლის სინთეზი - წოწოლა. ალუბლის საწებელი ალუმის სახელობით, ყველა მათგანი არის ნატურალური და მათ წარმოებაში არანაირი ქიმიური ჩარევა არ ხდება“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, კომპანია გაწევრიანებულია ქართული ენდემური და ტრადიციული აგროპროდუქციის მწარმოებლების გაერთიანება - „გემოვანში“.
„ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატურალური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია. „გემოვანი“ იქნება ერთგვარი ხარისხის ნიშანი ჩვენთვის. ამასთან, ჩვენ გვინდა გავაშენოთ საკუთარი პროდუქტი და წავიდეთ ბიოწარმოების მიმართულებით. რადგან ნატურალური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია, განსაკუთრებით დასავლეთში. ჩვენთანაც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული ამ მიმართულებით.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, კომპანიებისთვის საკმაოდ რთული საკითხია მუშახელის დეფიციტი.
„ძალიან გვიჭირს კადრები. ჩვენი საწარმო გურჯაანში მდებარეობს და ადგილობრივი კადრი საკმაოდ რთული მოსაძიებელია. ამისათვის ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ, გვაქვს დუალური ხელშეკრულება კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელთან. გადავამზადეთ კადრები, რომელთაც შეისწავლეს ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების საკითხები, ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა და ყველა ახალ კადრს ვეხმარებით რომ განათლება მიიღონ.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.