"მზეთამზეს" დამფუძნებელი კომპანიის 8 წლიანი საქმიანობის შედეგებს დადებითად აფასებს. როგორც ოთო ნაჭყებიამ ბიზნესი რუსთავი 2-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნა, მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის გემოვნური თვისებებით გამორჩეული და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა.
„საქართველოში პური არის ყველაზე მასიურად მოხმარებადი პროდუქტი . იმ დროისათვის, როცა ჩვენ ბიზნესსაქმიანობას ვიწყებდით, ქართული ხორბლისა და ბუნებრივი საფუარით დამზადებული პური ხელმისაწვდომი ფაქტიურად არ იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჯანსაღი პროდუქტი გვეწარმოებინა. ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოა ამ საქმის კეთება. ბიზნესი წარმატებულია, დღემდე მოვაღწიეთ და წინ დიდი გეგმები გვაქვს. ბევრ ცდუნებას ავარიდეთ თავი, პურის ჯანსაღი რეცეპტი ძიებაში 8 წლის თავზე მივიღეთ პური, რომელსაც აქვს მომხმარებლისთვის მისაღები გემო, ჯანსაღი შემცველობა და სასარგებლო თვისებები - ეს კარგი შედეგია.“-აღნიშნა ოთო ნაჭყებიამ.
მისივე განმარტებით, „მზეთამზემ“ არტიზანული პურის წარმოება ინდუსტრიულ წარმოებად აქცია.
„ამ საქმეში დიდი და შეიძლება ითქვას, 24 საათიანი შრომა დევს. ჩვენ უკვე გვყავს ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც დახლზე სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქტს ეძებენ, ანოტაციას კითხულიბენ. პირობითად, პურში თუ არის შაქარი და დანამატები ეს არ არის პური, ეს არის პურისებრი. როცა პური ჯანსაღია, მასში შედის ბუნებრივი საფუარი, ფქვილი, წყალი და მარილი.“-აღნიშნა ოთო ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, კომპანია „მზეთამზე“ დღეში 5 000 პურს აწარმოებს, ამარაგებს დიდ სავაჭრო ქსელებს და სკოლებს. ხარისხიან პროდუქციაზე, მოთხოვნის ზრდის ფონზე , სამომავლოდ, წარმოების გაფართოება უკვე დაგეგმილია.