"ნეითივ რაჭა" - ევროპული კაპიტალით შექმნილი ქართული კომპანიაა, რომელმაც უნიკალური თვისებების ქართული მთის ღორის პროექტი განახორციელა და ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტი, მათ შორის რაჭული და სვანური როლი, ქართული და ესპანური ხამონი, ჩალაღაჯი და სხვა ხორცპროდუქტი გამოაქვს.
"ევროპული გამოცდილებისა და ინვესტიციების შემოტანაზე ვმუშაობთ. 10 წლის წინ საქართველოს ბაზარს ესპანეთში თითქმის არ იცნობდნენ, დღეს უკვე ესპანური კომპანიები საქართველოში ფართო მასშტაბით არიან წარმოდგენილები. მე და ჩემ გუნდს ამაში ძალიან დიდი წვლილი გვაქვს", - აცხადებს "ნეითივ რაჭას" დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი.
როგორც მან "ბიზნესი რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა, მსოფლიოში გასტრონომიულ ტურიზმს უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის პროექტები საქართველოშიც განვითარდეს და როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ქართული ენდემური ჯიშის პროდუქტით გაუმასპინძლდნენ.
"ჩვენ ასეთი ლოზუნგი გვაქვს- განვითარება იწყება ტრადიციიდან. ჩვენ ეს ტრადიციული პროდუქტი ძალიან ძვირი გვიჯდება და თავისუფალ ბაზარზეც რთულია დიდ მწარმოებლებთან კონკურენცია, მაგრამ ევროპული გამოცდილება ამას ამბობს- გრძელვადიანი პროექტების არ უნდა გეშინოდეს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მასპინძლობის კონცეფცია. ჯერ ადგილობრივ მომხმარებელს და აქ მოსულ ხალხს გავუმასპინძლდეთ. პირობითად სვანეთში ასულმა სტუმარმა იმპორტირებული ღორის ხორცის კუბდარი ჭამოს - ეს ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.