ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობა და მინდვრის კულტურების წარმოება უკვე 3 ათწლეულია კომპანია „ლომთაგორას“ ძირითადი საქმიანობაა. კომპანიის მთავარი ამოცანა გამოყვანილი ჯიშების რეგიონთან ადაპტირება და ხარისხისა და მოსავლიანობის ოპტიმიზაციაა. სტრატეგიული კულტურის მოშენებისა და გაძლიერებისთვის კომპანია „ლომთაგორა“ უკვე 30 წელია ხორბლის სელექციითა და მეთესლეობით არის დაკავებული.
როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნავს, ხორბალი არის მთავარი სტრატეგიული კულტურა ნებისმიერი ქვეყნისთვის.
„ ეს არის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ერთერთი მთავარი ფაქტორი.ჩვენთან მოსული ხაზები განიცდინან დაკვირვებას, პირობებთან ადაპტირებას, 7-8 წლის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული ჯიშები გადაეცემა წარმოებას. დაახლოებით 20-მდე ჯიში გვყავს გამოყვანილი, რომელმაც დიდი სარგებლობა მოუტანა ქვეყანას მოსავლიანობითა და ხარისხით.“-აღნიშნავს ირაკლი რეხვიაშვილი.
მისივე განმარტებით, გამოყვანილი ჯიშები რეგისტრაციამდე ცდის, დაკვირვების და ჯიშთა გამოცდის არაერთ ეტაპს გადიან. ჯიშების გამოყვანისა და სელექციის პროცესი მუდმივად მიმდინარეა. ამჟამად ყველაზე დაწინაურებული ხორბლის ჯიში ლომთაგრორა 126-ია, რომელიც ჯერ-ჯერობით, მარცვლის ხარისხისა და პურ-ცხობის თვისებებით ყველა დანარჩენს აღემატება.
„ჩვენი ხორბლის ეს ჯიში, ლომთაგორა 126 არის უნივერსალური ჯიში, რომელიც მოიყვანება მთაშიც ბარშიც და გავლილი აქვს წინასწარი გამოცდები.“-აღნიშნავს „ლომთაგორას“ დირექტორის მოადგილე."-აღნიშნავს ირაკლი რეხვიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში დღის სინათლეს სავარაუდოდ კიდევ 50-მდე პერსპექტიული ხორბლის ჯიში იხილავს, თუმცა, მანამდე, მეურნეობაში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია ჯიშთა გამოყვანის პარალელურად, ინოვაციურ აგროტექნოლოგიებსაც ნერგავს. მათგან ერთ-ერთი საშემოდგომო ხორბლის ბაზოებზე თესვაა.
„ბაზოების ფორმირებასთან ერთად ვაუმჯობესებთ რწყვის პროცესს. აქ ხდება წყლის ნაკლები დანახარჯები და დანაკარგები და ამასთან, უფრო სწრაფად მიმდინარეობს მორწყვა. ასევე თანაბრად ტენიანდება ხორბლის მარცვალი, რაც ნიშნავს რომ დროულ და კარგ მოსავალს მივითღებთ.
"ლომთაგორას" მეურნეობაში მოსავლიანობის ნიშნული ჰექტარზე 5 ტონა ნახევრიდან 7ტონამდე მერყეობს. აქ სჯერათ, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს საკმარისი რესურსი ხორბლის იმპორტის მინიმუმამდე დასაყვანად. უფრო ოპტიმისტური სცენარი კი თვითმოხმარების იმპორტის გარეშე უზრუნველყოფაა.
„შესაძლებელია, რომ ჩვენ თავისუფლად ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების შესაბამისი ხორბალი. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 200 ფერმერი და ათი ასეთივე გადამამუშავებელი ქარხანა, როგორიც ჩვენ გვაქვს.“-აცხადებს ირაკლი რეხვიაშვილი.