ახალციხემ „პურის ფესტივალს“ უმასპინძლა. სტუმრები ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს გაეცნენ, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები, მათ შორის ფურნეში გამომცხვარი მესხური ქადა, ტენილი ყველი და აპოხტის ხინკალი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები ეყიდათ. ფესტივალი, „ელკანას“ ინიციატივით წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. რით იყო გამორჩეული წლევანდელი ღონისძიება და რა გამოწვევების წინაშე არიან ბიოპროდუქტების მწარმოებლები ამ და სხვა თემებზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში ისაუბრა.
რით იყო წელს ფესტივალი გამორჩეული და რა შედეგებით დასრულდა?
წელს ფესტივალზე ყველაზე მეტი ადამიანი იყო წარმოდგენილი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი გახლდათ. 2010 წლიდან ჩვენ გავამრავლეთ ის თესლი, რომელიც პრაქტიკულად აღარ ითესებოდა, რადგან არის წარმოდგენა, რომ ქართული ხორბალი დაბალმოსავლიანია. მაგრამ საქართველოში ხორბლის საშუალომოსავლიანობა 2 ტონაა. ჩვენი ხორბალი კი 3 და 4 ტონა მოსავალს იძლევა. უბრალოდ, ამ რაოდენობას, ბუნებრივია, ვერ შევადარებთ ინდუსტრიული ქვეყნების წარმოებას, სადაც შეიძლება 7-8 ტონაც იყოს ხორბლის მოსავალი. ჩვენ გვაქვს ხუთი ხორბლის ენდემური სახეობა. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი სხვადასხვა ჯიშის ხორბლისგან გამომცხვარი პური, ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველად გამოცხვა. ეს პური იმდენად ყუათიანია, რომ ძალიან სწრაფად განაყრებს.
ბაზარზე ხომ არ გამოვა უახლოეს პერიოდში ასეთი სახეობის პური?
ბაზარზე ვერ გამოვა, რადგან ძალიან მცირეა ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ჩვენ როდესაც დავიწყეთ, ავარჩიეთ წითელი დოლი, რომელიც გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულია. განსხვავებული გემო აქვს. შემდეგი იყო დიკა. დღეს წითელ დოლს გადაშენება აღარ უწერია, რადგან საკმაოდ გავრცელდა და თანდათანობით გადავდივართ სხვა სახეობებზე. დიკაც, მახაც ენდემურია. იზრდება საცხობების მხრიდან ამ ენდემურ ჯიშებზე მოთხოვნა.
მომავალ წელს იგეგმება პურის ფესტივალის ჩატარება?
იმედია, ყოველწლიურ სახეს მიიღებს ეს ფესტივალი. ჩვენც რომ არ ჩავერიოთ, ვფიქრობ მაინც ჩატარდება.
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას რაც შეეხება, როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა და განახლებას რა მიმართულებით საჭიროებს?
ჩვენ წინა კვირაში მივაწოდეთ სამინისტროს ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. არის მიმართულებები რომლის დაფარვაც კარგი იქნებოდა ამ პროგრამის მეშვეობით. როგორც ცნობილია, 2030-სთვის ევროპაში იგეგმება, რომ სოფლის მეურნეობის 20-25% გადავიდეს ბიოსერტიფიცირებაზე. ჩვენ კი უნდა მივუდგეთ ქვეყნის შესაძლებლობებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ სერტიფიცირების თანადაფინანსებამ საქართველოში უნდა დაფაროს მეთხილეობის სექტორიც. აქ არის დიდი პოტენციალი. ამასთან, სერტიფიცირების ამ სისტემის გამოყენება კარგი იქნება თაფლის სექტორშიც, ასევე მოცვის მიმართულებით და ადგილობრივი ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იქნება ბოსტნეული კულტურების ბიოსერტიფიცირების კუთხით მხარდაჭერაც, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდია და მომხმარებელი მზად არიან, რომ ამაში მეტი თანხა გადაიხადონ.