ქრაფთ-წარმოების, ადგილობრივი ხილით დამზადებული, ქართული ნატურალური ლიმონათი „რე-ფრეში“ ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა და კომპანიის სამომავლო გეგმებში პროდუქტის ექსპორტზე გატანაც განიხილება. გურიის ციტრუსის პლანტაციებში გაჩენილმა იდეამ გაამართლა, ლიმონათის წარმოებას კი მალევე მოყვა სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტი „ბიტერი“.
როგორც კომპანია „რე-ფრეშში“ აცხადებენ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
„ ხილის და ციტრუსების ბაზარზე ბევრი სირთულე გადავლახეთ, აღმოვაჩინეთ ადგილობრივი რამდენიმე პლანტაცია და ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესაბამისი ხილი მოჰყავთ და წლიდან წლამდე მოსავლიანობას და ხარისხს ზრდიან. ჩვენც ვცდილობთ მუდმივად ახალი მებაღეები აღმოვაჩინოთ მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ, რომ უკეთესი ნედლეული უფრო დიდი რაოდენობით იყოს ხელმისაწვდომი. პარალელურად გუნდში დიდი სურვილი გვქონდა ჩვენი შექმნილი და წარმოებული პროდუქტებიც შეგვეთავაზებინა ერთგული და ახალი მომხმარებლისთვის და საექსპორტო პრემიუმ ბაზრებიც აგვეთვისებინა. აქედან დაიწყო ჩვენი პირველი წარმატებული პროდუქტის თავგადასავალი. თითქმის ერთ წლიანი კვლევის და ცდების შემდეგ მივიღეთ პირველი ლიმონათის რეცეპტი. მომდევნო 1 წელი დეგუსტაციებს, დახვეწას, ბაზრის მოთხოვნების მორგებას და გემოების მრავალფეროვნების ზრდას მოვახმარეთ. უკვე 2 წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩვენი ლიმონათი მცირე რაოდენობებით გამოდის, მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ მალე წარმადობის ბაზრის შესაბამისად ზრდას ვგეგმავთ.“-აღნიშნავენ „რე-ფრეშში“
კომპანია აწარმოებს როგორც დაბალ შაქრიან, ასევე დიაბეტურ პროდუქციას. დიაბეტური ხაზის მიმართულებით ახლო მომავალაში შაქრის შემცვლელი ჩანაცვლდება ადგილობრივი, გურიაში მოყვანილი ე.წ სტევიათი.
„თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი მხოლოდ ნატურალური კომპონენტების გამოყენება. ბევრი ცდის და მუშაობის შედეგად მივიღეთ მცენარეულ-ბოტანიკური ნაყენები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ლიმონათების არომატების გასაძლიერებლად და გამოსაკვეთად. ამ ნაყენების კეთებისას, ბევრი კვლევა ჩავატარეთ და ბევრიც ვიმოგზაურეთ და გადავწყვიტეთ პროდუქტების ახალი ხაზი გაგვეკეთებინა. ჩვენივე ნატურალური კრაფტ ლიმონათის შემადგენელი კომპონენტებიდან ნაკარნახევი სიროფი, სახელად sirupo რომელიც საკონდიტრო და სასმელებისთვის შეუდარებელია ასევე ნატურალური არომატული ბიტერი. ბიტერი უნიკალური პროდუქტია, რომელიც კულინარულ შედევრებს და კოქტეილებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.“-აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, წარმოების პროცესს ტექნიკური სირთულეებიც ახლავს თან.
„ბაზარზე მოქმედი ჩამოსასხმელი ხაზების აბსოლუტური უმრავლესობა მცირე წარმოებასთან შეუთავსებელი და მოუქნელია. ტექნიკური გამოწვევებისაც არ გვეშინია და ჩვენი ძალებით ამერიკის, ჩეხეთის და ახალი ზელანდიის მცირე მწარმოებლების გამოცდილების მოკვლევით მოქნილ საწარმო ხაზზე ვმუშაობთ, რაც ეფექტიანობას შესძენს ჩვენს წარმოებას. ჩვენი დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით შევქმენით კრაფტ სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია. გვინდა გავაერთინოთ მცირე და საშუალო მწარმოებლები და გავუადვილოთ საწარმოო პროცესები, როგორც ინფორმაციულად ასევე ტექნიკურად. გავამყაროთ ფერმერებსა და ბიზნესს შორის კავშირები და ამით ხელმისაწვდომი გავხადოთ ადგილობრივი ნედლეული, რაც ემსახურება წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას და საქართველოში მოყვანილი ხილის პოპულარიზაციას .
სწორედ ეს საერთო პრინციპები გახდა "გემოვანის" ქოლგაში გაწევრიანების მიზეზი, სადაც ერთობლივად, უფრო მასშტაბურად და სისტემურად შევძლებთ სიახლეების დანერგვას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.“-აღნიშნავენ „რე-ფრეშში“