ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“ საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ემზადება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა  გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე, “ გემოვანის რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა, კომპანიამ მიმდინარე წელს საწარმო ფართი შეიძინა.

„საექსპორტო მიმართულებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გავა.  ძალიან გვიხარია, რომ ნულიდან დაწყებულმა ბიზნესმა რეინვესტირება მოვახერხეთ და შევძელით გაფართოება. შევიძინეთ საკუთარი საწარმოო ფართი, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  როცა "ჩირიფრუტის"პროდუქტი სხვა ქვეყნებში საჩუქრად გააქვთ, ძალიან ხშირად გვირეკავენ და გვეუნებიან, რომ ეს პროდუქცია მათ ბაზარზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.“-აღნიშნავს სოფო ჯიქია.

მისივე განმარტებით „ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 80-მდე სახეობის პროდუქტითაა წარმოდგენილი.

„ცხრა წელია,  ჩირიფრუტი ქართულ ბაზარზეა. დაარსების დღიდან ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალურად ნატურალური პროდუქცია შევთავაზოთ. შევქმენით ოთხმოცამდე სახეობის ასორტიმენტი, რომელიც მომხმარებელმა ძალიან შეიყვარა. კონტაქტი გვაქვს ბევრ ფერმერთან, რომელთაგანაც ვყიდულობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას. თავიდან მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ჩირს ნაკლებად აფასებდნენ. თუმცა წლიდან წლამდე ჩვენი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა. ბევრი მიმართულება განვავითარეთ. მათ შორის  ხარისხი, შეფუთვა, გემოვნური თვისებები და საბოლოო ჯამში ჩვენი პროდუქცია უკვე პრესტიჟულ სასაჩუქრე მიმართულებად ითვლება. ჩვენ ეს შევძელით.“- აღნიშნავს სოფო ჯიქია.