„ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებისგან ერთგვაროვანი და მუდმივად სტაბილურად ხარისხიანი, შესაბამისი კალიბრის პროდუქციის მიღება დიდი გამოწვევაა“- ამის შესახებ ბიზნესის განვითარების მიმართულებით „რე-ფრეშის“ პარტნიორმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე „გემოვანის“ რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა. როგორც დავით პერტაიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე, რათა წარმოება გრძელვადიან პერსპექტივაზე დაიგეგმოს.
„ჩვენი ასოციაცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ ნედლეულის მომწოდებლებთან ერთად დავგეგმოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ხარისხი, რომ საექსპორტო ბაზრისთვის დამზადებული პროდუქცია იყოს უნიკალური . ფერმერებს კი ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე, რათა უფრო ეფექტიანად და გრძელვადიან პერსექტივაზე დაიგეგმოს წარმოება. ასოციაციის შემდგომი ეტაპია, რომ ჩვენ ყველა კომპანია, რომელიც ასოციაციაში შევდივართ, გემოვანის პლატფორმაზე მოვხვდეთ და უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ ჯანსაღი, ადგილობრივი და ნატურალური პროდუქციის ხელმისაწვდომობას . „რე-ფრეში“ დიდი ხანია უკვე ბაზარზეა. ახალი პროდუქტებიც შევთავაზეთ ბაზარს, როგორიც არის ბიტერი და სხვა სიროფები. ჩვენი გამოცდილება გვინდა გავუზიაროთ სხვა კომპანიებს და ასევე ვაპირებთ, რომ ექსპორტისთვისაც მოვემზადოთ.“-აღნიშნა დავით პერტაიამ.
მისივე თქმით, მომხმარებლების 20% არის ის ნიშა, რომელიც ბაზარზე ნატურალურ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.
„20%/80%-ზე. ასეთია თანაფარდობა. 20% არის ის ნიშა, რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ, აქედან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ 2% არის ათვისებული, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია. იმისთვის რომ მომხმარებლების ეს 20% დააკმაყოფილო ხარისხით მწარმოებლების ტოპ 5%-ში უნდა ხვდებოდე. ტოპ 5%-ში მოხვედრა შეიძლება უფრო რთული იყოს ვიდრე სტანდარტული მეთოდით წარმოების აწყობა, თუმცა 20% იმდენად დიდი რაოდენობაა, რომ კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობს.“-აღნიშნა დავით პერტაიამ.
ცნობისთვის, კომპანია „რე-ფრეში“ მომხმარებელს ყველანაირი ციტრუსის და ბროწეულის ცივად დაწურულ ორგანულ ფრეშებს სთავაზობს.დაწურვა ხდება ბაზრის ლიდერი კომპანიის, ZUMMO-ს პროფესიონალური აპარატების გამოყენებით, რომლის ინოვაციური წურვის სისტემა გამოირჩევა მაღალი ჰიგიენითა და ფილტრაციით.