გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა.

ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“  ფარგლებში გაიმართა. პლატფორმა  ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების  ჩართულობას ითვალისწინებს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა  და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი  ნერგი დაირგო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე შეიქმნება საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით. ჯვრის მონასტრის ფერდობზე ტერიტორია 140 ნაკვეთადაა დაყოფილი. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, სეზონების მიხედვით, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება.  ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით  იზრუნებენ.  ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე იქნება პირველი პრეცენდენტი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

პროექტი „ტყის მეგობარი“ ტყეზე ზრუნვის, მოხალისეობრივი აქტიურობის და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გადანაწილების  სანიმუშო მაგალითია.

ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას.  პროექტის ძირითად მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო.  მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს  არა მხოლოდ  მოხალისეთა ჯგუფები,  არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები.

პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ მოხალისედ და ფიზიკურად ჩაერთონ ტყის მოვლის, აღდგენის და ტყეზე ზრუნვის სხვადასხვა აქტივობაში;  განახორციელონ სასურველი თანხით დონაცია, რომელიც მიმართული იქნება ტყის აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად; შეარჩიონ კონკრეტული ტყის აღდგენის პროექტი და დააფინანსონ  სრულად ან ნაწილობრივ.

(ვრცლად იხილეთ:  https://forestfriend.ge/about) მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  გაეროს განვითარების  პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN)  ხელშეწყობით  შეიქმნა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით  იმართება და  ეძღვნება წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს. 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, გარემოსდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ლაგოდეხში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. გარემოს ეროვნული სააგენტომ გარემოსდაცვის მსოფლიო დღე ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენებით და სანაპიროს დასუფთავების აქციით აღნიშნა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სკოლის მოსწავლეებისთვის ინფოტური და მათი ნამუშევრების გამოფენა გამართა.