საქართველოში აბრეშუმი უძველესი დროიდან არსებობდა, თუმცა, მისი წარმოება ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ლამარა ბეჟაშვილმა ეს კულტურა გააცოცხლა. ნაჩუქარი 21 ჭიის კვერცხისგან აბრეშუმის ჭიის მთელი იმპერია შექმნა.

"ეს არის ხალხური რეწვის ერთ-ერთი უძველესი დარგი, თანაც მივიწყებული. ოჯახში ბებია იყო მეაბრეშუმე და 5 წლის ასაკიდან ვეხმარებოდი. როდესაც გადაშენდა აბრეშუმის ჭია, ვერსად ვეღარ ვხვდებოდი, მაგრამ 21 ჭიის კვერცხი მაჩუქეს და დავიწყე მისი გამრავლება. დღეს უკვე ბევრი ადამიანისთვის მყავს მიშვილებული ზესტაფონში, წყალტუბოში, გურჯაანში, გორში, კასპში. ეს არის ერის საუნჯე, ეკონომიკური სიძლიერე. ჩვენი წინაპრები აფასებდნენ და უფრთხილდებოდნენ როგორც ვაზს, ისე აბრეშუმის ჭიას.

ქართული აბრეშუმი ბრენდიც გახდა. საქართველოს სავაჭრო პალატასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან და სლოვაკეთთან ერთად, მთელი წლის ერთობლივი მუშაობის შედეგად, რამდენიმე ადამიანი ვართ, ვისაც სერტიფიცირებული ბრენდი გვაქვს, ერთ-ერთი ვარ მე“, - ამბობს ლამარა ბეჟაშვილი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას.

მისი თქმით, აბრეშუმისგან რამდენიმე სახეობის პროდუქციას ამზადებენ, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს.

"აბრეშუმხვევიას ყველა პროდუქტი არის ანტისეპტიკური, ანტიალერგიული და ანტირადიაციული, სისხლიდან გამომდინარე 38 დაავადებას კურნავს. ჩვენი წინაპრები ამზადებნენ ლეიბებს, ბალიშის პირებს და ზეწარს, სადაც ყველაზე მძიმე ავადმყოფს აწვენდნენ.

ჩვენ მოგვყავს აბრეშუმი, შემდეგ ვაწარმოებთ ტექსტილს - ბალიშის პირებს, ტანსაცმელს, თავსაფარს. 

თითოეული ოჯახი, სადაც იკვებება აბრეშუმხვია, შეუძლია დატოვოს სასუქი, რომელიც ბიოსასუქია, ასევე ცხოველების საკვები, რომელიც უნიკალურია. მე ცხვრები მყავდა და ზამთრისთვის წლებია თივა არ შემინახავს. სოფელში ჩემზე დიდი ცხვარი არავის ჰყავდა, მატყლიც საოცარი ჰქონდა", - აღნიშნა ლამარა ბეჟაშვილმა. 

აბრეშუმისგან აწარმოებს ზეთსაც, რომელსაც ასევე სამკურნალო თვისებები აქვს.

"მსოფლიო ბაზარზე ზეთს გამომშრალი ჭუპრისგან აწარმოებენ, მაგრამ ჩვენი მეთოდი განსხვავებულია.ძალიან ბევრი ჭუპრი სჭირდება მცირე რაოდენობის ზეთის მიღებას. მაგრამ, შესაძლებელია, მაგალითად, 1 გრამი 100 გრამ ზეითუნის ზეთს დავუმატოთ და გავამდიდროთ. ის არა მარტო თმის სამკურნალოდ გამოიყენება, აქვს საოცარი ანტისეპტიკური თვისება, აქრობს ანთებით პროცესს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას",- აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი. 

წარმოებაში აქვთ აბრეშუმზე დავარგებული ღვინო, რომელიც განსაკუთრებით უცხოელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ეს არის ბიოღვინო. აბრეშუმზე დავარგებული ღვინო ათიათასჯერ მეტად იძენს ღირებულებას. არის ანტისეპტიკური. ღვინოზე გვაქვს შეკვეთები. პანდემიამდე შემიკვეთა ბელგიელმა სომელიემ,რომელიც ჩემთან სტუმრად იყო და მითხრა, 2 მაღაზიისთვის რასაც დავამზადებდი, თითო ბოთლში 150 დოლარს გადაიხდიდა. მაგრამ, სამწუხაროდ პანდემია დაემთხვა და ვეღარ გავაგზავნე. მაგრამ, შეკვეთები ახლაც მაქვს. ღვინის ბოთლი აბრეშუმითვეა შემოსილი", - ამბობს ლამარა ბეჟაშვილი. 

წარმოებაში აქვთ ასევე თუთის ფოთლის ჩაი, რომლითაც აბრეშუმის ჭია იკვებება.

"ბაზარზე თუთის ფოთლის ჩაი არსებობს, მაგრამ ჩვენი თუთის ფოთოლი არის ისეთი, რომელსაც ჭია შეეხო პირით და პირიდან გამოყოფილი ნეწყვის სახით დატოვა სილიცინი, ფიბრინი. კანს რომ გაიცლის, ეს არის ქიტინი, რაც დედის რძესთან იგივდება. ჩაი ეს არის თუთის ფოთლის ნარჩენი, რომლითაც ჭია იკვებება", - აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი. 

პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ შეკვეთების შემდეგ ხდება. ამ ეტაპზე დიდი მასშტაბით წარმოებას ვერ ახერხებს, რადგან არ აქვს ერთი საერთო სივრცე. 

"სამწუხაროდ, ჩვენ მასშტაბური გაყიდვები აღარ გვაქვს, საერთო სივრცის დაკარგვის გამო. 150 000 დოლარი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთი საერთო სივრცე გვქონდეს. მე აქამდე ევროკავშირის გრანტით მოვედი. ელჩების და კონსულების მეუღლეები დამეხმარნენ.  მაცივარიც კი არ მქონდა იმისთვის, რომ ჭიის კვერცხი შემენახა. ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა გამიკეთეს. ჩვენი პროდუქციით ინტერესდებიან უცხოელები, საქართველოშიც უკვე ბევრი მომხმარებელი გაგვიჩნდა, მაგრამ ბევრი პროდუქციის სწრაფად წარმოებას ვერ ვახერხებთ. მაქვს ფერმერთა ასოციაციის გრანტიც. აქამდე თუ 1 თავშლის მოქსოვას 1.5-3 თვე ვუნდებოდი ყაისნაღით, ახლა 1 დღეში 1 შემიძლია მოვქსოვო", - ამბობს ლამარა ბეჟაშვილი. 

საკუთარ წარმოებას ხელი რომ შეუწყოს, გადაწყვიტა ბებიის დანატოვარი, 150 წლის აბრეშუმის ხალიჩა გაყიდოს.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მეაბრეშუმეობის განვითარებით დაინტერესებული არ არის. გადავწყვიტე, ბებიის დანატოვარი აბრეშუმის ხალიჩა გავყიდო. ბევრი უცხოელი მწერს, რომ ანგარიში დავდო, სადაც თანხას ჩამირიცხავენ, მაგრამ, არ მინდა ასე. ეს ხალიჩა აბრეშუმის მუზეუმისთვის გაიყიდება და ამაში მონაწილეობის მიღება ბევრს შეეძლება. ამაზე განცხადებას უახლოეს მომავალში დავდებ",- აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.