უკვე ხელშეკრულების მეორე ეტაპზე ვიყავით გადასული, თუმცა, ირან-ისრაელის ომის გამო, პროდუქციის გატანა ისრაელის ბაზარზე დავაპაუზეთ, - ამის შესახებ "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია გერმანიის ბაზარზე გასასვლელად იმუშავებს და ისრაელის შემთხვევაში, მოვლენების დასტაბილურებას დაელოდება.
"პარტნიორებიც თავს იკავებენ ამ ეტაპზე და ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება გერმანიას - აღნიშნულ ბაზარზე წარმატებით გავიარეთ პირველი ეტაპი და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გერმანიაში პირველ ექსპორტს განვახორციელებთ. ამ ეტაპზე 3 დასახელების ჩირი გავა, ხოლო შემდეგ შესაძლებელია ასორტიმენტი გაიზარდოს. სხვა ბაზრების მოძიებაზე არ ვმუშაობთ და სრულად გერმანიის ბაზარზე ვართ კონცენტრირებული", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე "ჩირჩხელას" პროდუქციაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მკვეთრად შეცვლილი არ არის.
ცნობისთვის, "ჩირჩხელა" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. გარდა ამისა, "ჩირჩხელა" ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის.
კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი მეექვსე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
bp.ge