ხილის მაღალი ფასი ძირითადად იმპორტზე დამოკიდებულებით აიხსნება, რადგან ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე ჯერჯერობით არ არის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ზვიად ბობოქაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

ზვიად ბობოქაშვილის განმარტებით, ბაზარზე არსებული საადრეო ხილი ძირითადად თურქეთიდან, მათ შორის ანტალიის რეგიონიდან შემოდის, სადაც პროდუქტი სასათბურე პირობებში მოჰყავთ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსავლის დაგვიანებას მიმდინარე წლის ნალექიანი გაზაფხული და ყვავილობის პერიოდში არახელსაყრელი ამინდი განაპირობებს, რაც მოსავლიანობაზეც აისახება.

"საქართველოში საადრეო, ე.წ. სეზონური ხილის შემოსვლა არასდროს ხდებოდა აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ხილის ბაზარზე გლობალიზაციაა და გახსნილია საზღვრები, ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომია იმპორტირებული პროდუქცია, რაც წლების წინ არ იყო ხელმისაწვდომი. ხილი ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან - თურქეთიდან არის შემოტანილი. თურქეთი კლიმატური თვალსაზრისით საადრეო ხილის წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, ახლა არსებული ფასი სწორედ ამით აიხსნება. ადამიანები როცა ინტერესდებიან რატომ ღირს მაგალითად, ბალი, ან გარგარი ესა და ეს ფასი - უნდა იცოდნენ, რომ ეს არის იმპორტული, სასათბურე პირობებში მოყვანილი ხილი, რომელიც ძირითადად ანტალიაში მოჰყავთ. 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს საკმაოდ ნალექიანი გაზაფხული იყო. წინა წლებში შემთხვევები გვქონდა, რომ ყვავილობა უფრო ადრე გვქონდა და წელს დაგვიანდა და ალბათ, გარკვეულწილად ქართული ბაღებში, დაახლოებით, 7-10 დღით დააგვიანებს სტანდარტული ხილის შემოსვლა. საუბარია ბალზე და მარწყვზე.  კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ უხვნალექიანი პერიოდი დაემთხვა ყვავილობის პერიოდს, მათ შორის, კურკოვანი ხილის ყვავილობის პერიოდს, რაც არახელსაყრელია, რადგან მოსავლიანობაზე ახდენს გავლენას და ასევე, ნალექები ყვავილობის ფაზაში ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის დაავადების განვითარებას. ამასთან, წელს მცირე წაყინვის შემთხვევებიც უკვე იყო შიდა ქართლის რეგიონში", - აცხადებს ზვიად ბობოქაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოსავლიანობის მაჩვენებლის დანახვა ადრეა, თუმცა აღნიშნულზე კლიმატურ პირობებს დადებითი გავლენა არ ექნება და შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის კლება იყოს.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი ბალის ფასი 28  ლარს აღწევს. 

bp.ge