ნორვეგიულ ორაგულზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია - თვეში 25 ტონა ორაგულის რეალიზაციას ვახორციელებთ, - ამის შესახებ "გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათი ორაგულის რეალიზაცია 100%-ით ადგილობრივ ბაზარზე ხდება, მათ შორის, მსხვილ ქსელურ მარკეტებსა და HoReCa სექტორში.
"ჩვენ მოთხოვნიდან გამომდინარე, თითქმის ყოველ წელს ვზრდით წარმადობას. გარდა ამისა, ვგეგმავდით ექსპორტზე გასვლასაც, თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ვრჩებით, რათა მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ.
მოგეხსენებათ, რომ თევზის ლაბორატორიის გახსნაც გვქონდა გეგმაში, თუმცა კადრების დეფიციტის გამო აღნიშნული პროექტიც დაპაუზებული გვაქვს. მიმდინარე წელს არსებული რესურსით გვინდა წარმადობის ზრდა, ხოლო მომდევნო წლიდან უფრო მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.
bp.ge







