სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით,  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“  შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების ვადა კალენდარული დღეების  ნაცვლად სამუშაო დღეებით განისაზღვრა. ლიცენზიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მომსახურება მიიღონ განსხვავებული ვადებითა და დიფერენცირებული საფასურით.

ამასთან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით და გეოსაინფორმაციო პაკეტი 10 სამუშაო დღეში მიიღონ.

შემცირებული ვადები და მომსახურების საფასურის დიფერენცირება ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას სთავაზობს, თავად აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ვადა და საფასური.

ცვლილებებით მოწესრიგდა გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხები, მათ შორის განისაზღვრა მომსახურების ვადის კორექტირების შესაძლებლობა მისი დაჩქარების მიზნით. დამატებით გაიწერა  მომსახურების შესახებ შეტყობინების ჩაბარების/გაცნობის პროცედურები და საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

განახლებული რეგულაციებით გამარტივდა სალიცენზიო ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის საკითხიც. სალიცენზიო განაცხადის წარმოდგენისას უქმდება გეოინფორმაციული სისტემის ფაილის (shape) წარმოდგენის ვალდებულება და საკმარისი იქნება ტერიტორიის  ადგილმდებარეობის ამსახველი X და Y კოორდინატების წარმოდგენა.

ლიცენზიის გაცემისთვის ადმინისტარაციული ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის რაციონალურ და პასუხისმგებლიან მართვას, პროცესის გამჭვირვალობის ზრდასა და ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას.