2026 წლის 22-26 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რადიოაქტიური წყაროების მართვის სტრატეგიის საკითხებზე გამართულ რეგიონული შეხვედრაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ნინო უტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის რადიოლოგიური უსაფრთხოების ოფისი (DOE/NNSA ORS) და უნგრეთის ატომური ენერგიის სააგენტო (HAEA).
შეხვედრის ფარგლებში, ნინო უტიაშვილმა მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელებულ კომპლექსურ ღონისძიებაზე, რომელიც რადიოაქტიური წყაროს უსაფრთხო ამოღებასა და ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მწარმოებელ ქვეყანაში დაბრუნებას უკავშირდებოდა.
შეხვედრაზე განხილული იყო რადიოაქტიური წყაროების სასიცოცხლო ციკლის დასრულების ეტაპზე მართვის ეროვნული სტრატეგიები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. მონაწილეებმა იმსჯელეს რადიოაქტიური წყაროების ამოღების, უსაფრთხო შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით არსებულ ტექნიკურ პრაქტიკებსა და გამოცდილებაზე.
ღონისძიებაში 18 ქვეყნის ექსპერტი და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მონაწილეობდა.






