ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონში შესული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა.

„საქართველო ღვინის სამშობლოა, რაც არა მხოლოდ სიამაყე, არამედ პასუხისმგებლობაცაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო გამოირჩეოდეს ავთენტურობითა და მაღალი ხარისხით. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ხარისხის კონტროლის არსებული მექანიზმებიც, მათ შორის სავალდებულო დეგუსტაციის სისტემა. დეგუსტაციის მიმართულებით არსებითი ცვლილება არ მომხდარა. 2007 წლიდან დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, ხოლო 2017 წლიდან - ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. შესაბამისად, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები რეალურად ეხება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც არც ექსპორტს ახორციელებდნენ და არც დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს აწარმოებდნენ. ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, ეს მთლიანი წარმოების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. დანარჩენი პროდუქცია ორგანოლეპტიკურ შემოწმებას აქამდეც გადიოდა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ის ბუნებრივი ღვინის წარმოების ტექნოლოგიას უკავშირდება.

„ბუნებრივი ღვინო თვითმყოფადი კატეგორიაა, რომლის მწარმოებლებიც შეგნებულად არ იყენებენ თანამედროვე დანამატებს. ეს მეთოდი ყველაზე ახლოს დგას იმ ღვინის წარმოების ტრადიციასთან, რომელიც საქართველოში 8000 წლის წინ არსებობდა. აღნიშნული ნიშა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნებრივ ღვინოს შესაძლოა ჰქონდეს სტანდარტებიდან გარკვეული თავისებურებები და დასაშვები გადახრები. სწორედ ამიტომ, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშია დამკვიდრებული, ბუნებრივ ღვინოს აქვს შესაბამისი ნიშანდება. ეს უზრუნველყოფს როგორც მაკონტროლებელი ორგანოს მიერ პროდუქტის სრულფასოვან მიკვლევადობას, ისე მომხმარებლის ინფორმირებულ არჩევანს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.