2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 9%-ით გაიზარდა, განხორციელდა $1.8 მლრდ-ის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე $577 მლნ-ის პროდუქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები.
„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარება. 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, შეადგინა 19.8 მილიარდი ლარი და ეს ყველაფერი არის სწორედ ამ ინვესტიციების შედეგი. განხორციელდა 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, 10%-იანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხითაც გასული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია და ამ მონაკვეთში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 13.6% ზრდა.
წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. გაიცა 945 მილიონი ლარის 5581 სესხი 4792 უნიკალურ ბენეფიციარზე. აგროდაზღვევის პროგრამა - 4832 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 8875 პოლისი, დაზღვეულ იქნა 8800 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და 94 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7 მილიონ ლარზე მეტი.
ასევე პროექტი „დანერგე მომავალი“ აქტიურად ხორციელდებოდა. 416 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 92 მილიონი ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 27 მილიონი ლარი. მხარდაჭერამ მოიცვა 2560 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ასევე ხორციელდებოდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. 13 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება, ინვესტიციამ შეადგინა 14.4 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო 4 მილიონ 300 ათასი ლარი. აღარ ჩამოვთვლი ყველა პროგრამას, ეს არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა, კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა და მრავალი სხვა პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მთლიანად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი და 2012 წელთან შედარებით, როდესაც მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, გაიზარდა 340 000 ტონამდე.
„გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა 2445 ჰექტარ ფართობზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ილტოს წყალსაცავის პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის. დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გამოცხადდა ტენდერი დეტალური საინჟინრო პროექტის შესამუშავებლად.
წარმატებით ჩატარდა რთველი 2025. ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლისთვის, როცა ნულოვანი მხარდაჭერა იყო მევენახეობის მიმართ, მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, რაც გაიზარდა 340 000 ტონამდე. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 268 მილიონი დოლარი და აქაც 2012 წელს მაჩვენებელი იყო 65 მილიონი. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მთლიანობაში ქვეყანამ შარშან მიიღო 550 მილიონი დოლარის შემოსავალი.
2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. 3%-ით გაიზარდა სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. დაწესდა ღვინის ეროვნული დღე. ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და „ღვინის დღით“ სათანადო პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძვირფას კულტურას. მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ ინიციატივისთვის და მთლიანად, გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.





