მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "ჰერბიას" თანადამფუძნებლის ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, "ჰერბიას" პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად სტაბილურად მზარდია და დაახლოებით, 20-25%-იანი გაყიდვების ზრდა გვაქვს.
მისივე ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე "ჰერბია" უკონკურენტოა, რადგან კომპანიას საკუთარი წარმოება აქვს, ხოლო სხვა კომპანიები სხვისი პროდუქციის მხოლოდ შეფუთვას ახორციელებენ.
"ჩვენი ძირითადი წარმოება წყალტუბოშია, საიდანაც 1000-ზე მეტ ქსელური მარკეტის შემადგენელ მარკეტში ნაწილდება ჩვენი პროდუქცია, ჩვენივე დისტრიბუციით. ანუ, სრული საწარმოო ჯაჭვი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. დღეს საქართველოში არ არის ამ შემადგენლობის პირველადი მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავისივე წარმოებულ პროდუქციას თავისივე დახლზე ყიდის.
ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით წარმადობას და კიდევ ერთი ჰა სასათბურე ფართი დაგვემატება. ამჟამად ჩვენი სასათბურე მეურნეობა ერთ ლოკაციაზე 15 ჰა-ზეა გაშენებული, მეორე ლოკაციაც - ღია გრუნტი არის 15 ჰა და კიდევ გვაქვს 7 ჰა ფართობი, სადაც ასევე, სასათბურე მეურნეობაა. ზუსტად 20 წელია, რაც ჯაჭვის ყველა რგოლს ეტაპობრივად ვზრდით", - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანიამ აქტიურად დაიწყო HoReCa სექტორის მომარაგება, თუმცა ობიექტები არის შერჩევით და გაფართოება ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
ცნობისთვის, ''ჰერბიას" მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
bp.ge







