მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი იზრდება. 

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ განაცხადა, 1 ტონა ფქვილის იმპორტის საფასური 250 ლარი იქნება. 100 -100 ლარიანი იმპორტის გადასახადი წესდება ქერზე და ქატოზე. 

"მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ხორბლის ფასის ფორმირების კუთხით არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი. რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფქვილის იმპორტზე 200  ლარიანი საფასური დაწესდა, რითაც ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით ანომალიური ვითარება სამართლიანად დაბალანსდა. თუმცა, ბოლო პერიოდშიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი, ეს განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებით. ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე საფასური დამატებით 50 ლარი დაწესდეს, ანუ ჯამში იქნება 250 ლარი.

გარდა ამისა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შედარებით მეტია ხარისხობრივად ისეთი ხორბალი, რომელიც საფურაჟე დანიშნულებით გამოიყენება. ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ქერის იმპორტზეც დამატებით 100 ლარი დაწესდეს, ასევე ქატოზე არ ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირება და ამ შემთხვევაშიც 100 ლარიანი საფასური დაწესდება",- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. 

მისი თქმით, ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის ვადაც გახანგრძლივდება და რეგულაცია 2024 წლის მარტამდე იმოქმედებს.