უნიკალური თვისებების მქონე ქართული მთის ღორი გადაშენების პირას აღარ არის, კომპანია "ნეითივ რაჭამ" ესპანელ პარტნიორებთან ერთად კავკასიური გარეული ღორის მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშის გადარჩენა სამეცნიერი კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით შეძლო. კომპანია პარტნიორებთან ერთად რაჭაში სასელექციო ფერმაში კახური ღორის ლაგაზასა და გრუზას ჯიშებს აშენებს და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაც აქვს.
როგორც „ნეითივ რაჭას“ დამფუძნებელმა“ „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ განუცხადა, სასელექციო ფერმის ტერიტორია 5 ჰექტარზეა გაშენებული.
„გავაკეთეთ სასელექციო ფერმა, ფერმის ტერიტორა 5 ჰექტარია. აქვს რამდენიმე დამცავი ბარიერი, რომ არ მოხდეს სხვა ღორებთან კონტაქტი. გვაქვს ღია, ნახევრად ღია და დახურული ტიპის ნაგებობები. ამ ფერმაში უკვე მანამდე გადაშენების პირას მყოფი ქართული ჯიშის ღორების მეექვსე თაობა იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ლაგაზასა და გრუზა გადაშენების პირას აღარაა.“- აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.
მისივე თქმით, კომპანიამ რაჭული ლორის ტრადიციული მეთოდებით წარმოებაც დაიწყო.
„გავითვალისწინეთ ყველა ტრადიციული ნიუანსი. დამარილების, შებოლვის მეთოდები მორგებული გვაქვს თანამედროვე კულინარიაზე. დავარგების პროცესი იქამდე გვაქვს მიყვანილი, რომ თერმული დამუშავება არ დასჭირდეს. ჩვენს საწარმოში 25 სხვადასხვა ტიპის ხორცპროდუქტი იწარმოება, მათ შორის ქართული კანჭი, იმერული ძეხვი, მეგრული კუპატი, ხამიში და სხვა. გვაქვს ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული წარმოება. საწარმოში 50 ადამიანამდეა დასაქმებული.“- აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.