რუბრიკა  "ღვინის გზა" 

ქართულ მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულტურაში - ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს მეღვინეობა არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმის და საერთაშორისო იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამ თემების შესახებ, „ბიზნესპარტნიორს“ რუბრიკაში "ღვინის გზა" მეღვინეობის შესახებ გამოცდილება "ვილა მოსავალმა" გაუზიარა.

"ერთგულება, საბოლოო მიზანი და დამოკიდებულება იმ პროდუქტთან, რომელიც გვიყვარს, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენს პროდუქტს განსაკუთრებულს ხდის"- ამბობს  "ვილა მოსავალის" გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ შეყრილაძე.

მისი თქმით, საქართველო და ღვინის კულტურა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, იქიდან გამომდინარე, 8000 წლიანი, მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინის წარმოების კულტურა გვაქვს.

ქვევრის ღვინო კი ამ ისტორიის საწინდარია, შესაბამისად, კომპანია ქვევრის ღვინოს ტრადიციული ტექნოლოგიებით, დაყოვნებით და დავარგებით ქვევრში, აწარმოებს.

"ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია. მართალია, საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად გაყიდვადია, მაგრამ ამის გარეშე ქართული მეღვინეობა და ისტორია ვერ იქნებოდა სრულყოფილი. ჩვენი წლიური სარეალიზაციო წარმოება 100 000 ბოთლია წელიწადში, ეს არის ჩვენი 100%, რაც ჩვენს მიზნებს ემთხვევა, რა რაოდენობის ბოთლის გაყიდვა გვსურს ერთი წლის ჭრილში. პროდუქტის ხარისხი, რა თქმა უნდა იწყება ვენახიდან, შესაბამისად, ყოველწლიურად ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა ვენახის სწორ განვითარებას, დამუშავებას და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.

თითოეულ მეღვინეობას, თითოეულ მეღვინეს თავისი ხელწერა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელწერიდან არ მოხდეს გადახვევა. ყველას, ვისაც სჯერა პროდუქტის, რომელიც არის ქართული ღვინო, აფასებს ისტორიას და შეუძლია შექმნას ხარისხიანი პროდუქტი, ყველას ვურჩევდი, რომ სცადონ თავიანთი ბედი. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს, ყოველ ათწლეულში, უფრო მეტად საინტერესო გახდება ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრისთვის",- აღნიშნავს ნიკოლოზ შეყრილაძე.

როგორც კომპანიაში ამბობენ, რომ არა საექსპორტო შესაძლებლობები და საერთშორისო პარტნიორები, ძალიან რთული იქნებოდა წარმატებული ბიზნესის შექმნა.

"აუცილებელია გავითვალისწინოთ კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც მხოლოდ ხარისხით პროდუქტის გაყიდვა ძალიან რთულია. აუცილებელია ცნობადობის ამაღლება, სხვადასხვა აქტივობები, იმისათვის, რომ მიზანმიმართულმა სეგმენტმა გაიცნოს ჩვენი პროდუქტი. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია ეთმობა",- ამბობს "ვილა მოსავალის" გენერალური მენეჯერი, ნიკოლოზ შეყრილაძე.

bp.ge