მეღვინეობა "ითაბანი", რომელიც ახმეტის რაიონ სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, პირველ საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მარნის დამფუძნებელი, რატი კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ღვინის კომპანია შვეიცარიის ბაზარზე უკვე წარმოდგენილი იქნება.

მისივე თქმით, "ითაბანი" ადგილობრივი ბაზრის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. კერძოდ, კომპანიის ბრენდის დასახელების ღვინო უახლოეს მომავალში 8 000 მოსავალში და სპეციფიკურ ღვინის მაღაზიებში გაიყიდება.

"ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ვამზადებთ, სულ 3 ტიპის გვაქვს: რქაწითელი, ქისი და საფერავი. ზოგჯერ, ყურძენს დამატებით ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. წარმადობას რაც შეეხება - წელიწადში 4 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ჯერჯერობით, ღვინოს მხოლოდ ადგილზე ვყიდით, თუმცა წელს ვენახი მსხმოიარობაში შევიდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოვჩნდებით", - აცხადებს მეღვინე.

რატი კოჭლამაზაშვილი უშუალოდ ვიზიტორების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მარანში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 20%-ით შემცირდა.

" რაც შეეხება ვიზიტორებს, 80%-ი  უცხოელები გვსტუმრობენ, დანარჩენი  20%-ი  ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოელი ვიზიტორები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან არიან, მოკლედ, ევროპის ქვეყნები აქტიურობს. ქვევრის, ბიო ღვინო უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ. ეს სექტორი მაღალმხარჯვეულუნარიანია, ჩვენთან ღვინის ფასის დიაპაზონი კი, 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მარანში ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ტურისტების შემცირება კომპლექსური საკითხია და ზუსტად რა ასპექტმა გამოიწვია თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება ჩვენს ღვინოს -  ცნობადობა გაიზარდა, რასაც აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას ვუკავშირებ", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ღვინის მარანი "ითაბანი" ახმეტის რაიონი სოფელი ქვემო ალვანში მდებარეობს. ვენახის ფართობი 1 ჰექტარს მოიცავს და 3 ტიპის ღვინოს რქაწითელს, ქისსა და საფერავს აწარმოებს.

bp.ge