მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. 

სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.