შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ექსპლუატაციის ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან,  4,7  კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები  იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს. 

სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია აგვისტოში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია  12 400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.