31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებსა და სათაფლიას აღკვეთილში აღინიშნა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.

„დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა. საქართველოს უნიკალურ ბუნებას, დაცული ტერიტორიების ფარგლებში, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს 13%-ზე მეტს, აქედან გამომდინარე მათზე დაკისრებული მოვალეობა მრავალმხრივი, რთული და რისკის შემცველია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ რეინჯერებს, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად. ჩვენი გამორჩეული ბუნება ჩვენი მომავალი თაობების საკუთრებაცაა და სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მასზე განსაკუთრებულად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეისათვის, 100 დაცული ტერიტორია - სახელმწიფო ნაკრძალები (14),  ეროვნული პარკები (15), ბუნების ძეგლები (40), აღკვეთილები (26),  დაცული ლანდშაფტები (5) და  მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მთელი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტს ფარავს და 920 000 ჰექტარზე მეტ ფართობს შეადგენს.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების 25-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.ა