სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი თამარ ჯინჯიხაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის მცენარეთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელ მიკულაშ მადარასთან. შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო ფორმატები და გენბანკების მართვის სტრატეგიული საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენბანკის მენეჯმენტს, უსაფრთხოების პოლიტიკას და სერტიფიცირების სისტემას — თემებს, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებდა ECPGR-ის (ევროპის კოოპერირებული პროგრამა მცენარეთა გენეტიკური რესურსებისთვის) და AEGIS-ის (გენბანკების ევროპული ინტეგრირებული სისტემა) ფარგლებში გამართულ გენბანკების მენეჯერების შეხვედრაზე, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას 33 ქვეყნის გენბანკის წარმომადგენელი ესწრებოდა. განხილვის მთავარ საკითხებს ევროპული გენბანკების ხარისხის მართვის სისტემები, კოლექციების სარეზერვო ასლების სტრატეგია და სერტიფიცირების პროცედურები წარმოადგენდა.

„ჩეხეთის გენბანკში სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ უწყვეტი პროცესის, რომლის საშუალებითაც საქართველო აქტიურად იზიარებს საერთაშორისო პრაქტიკას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული კონტექსტის გასაძლიერებლად,“ — აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს საკოლექციო ნაკვეთები, გენბანკის ინფრასტრუქტურა, ინვიტრო ლაბორატორია, კრიობანკი და გაეცნენ კოლექციების საშუალო და ხანგრძლივი ვადით შენახვის სტანდარტებს.