გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა.

ქალაქ ბორჯომში, მოქალაქე 5,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.  სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გაიგზავნა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მიმდებარედ კი, გამოვლენილია 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და 7,55 კუბური მეტრი მოცულობის  საშეშე ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, თევზჭერის, ნადირობისა  და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.