გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wine 21" პრეზიდენტთან მიკი ჩოისთან გამართა.
მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს მეღვინეობის ინდუსტრიის და კომერციული სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები და სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით ახალი, ერთობლივი პროექტები.
კომპანია Wine 21-თან გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კორეის რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესაძლებლობები და 2025 წლის სექტემბრის თვეში სეულში დაგეგმილი ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასისა და დეგუსტაციის საორგანიზაციო საკითხები.
„8000 წლიანი განვითარების მქონე მეღვინეობის ინდუსტრია დღესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩვენს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიასთან შევაჯამეთ მიმდინარე მარკეტინგული სამუშაოები და ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე. პარტნიორებთან გამართული შეხვედრა, იძლევა ძლიერ მოლოდინებს, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს კორეის რესპუბლიკის ბაზარზე, რომლის მომხმარებელიც გამოირჩევა ღვინის გემოვნებით, აფასებს ქართული ღვინის ხარისხსა და მის 8 ათასწლიან ისტორიას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
კორეის რესპუბლიკა ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო „Wine 21”- თან 2022 წლიდან თანამშრომლობს.
1998 წელს დაფუძნებული კომპანია „Wine 21” არის სამხრეთ კორეაში ყველაზე მსხვილი ღვინის ონლაინ პორტალი (www.wine21.com), შექმნილი ღვინის პროფესიონალების მიერ, რიგითი მომხმარებლისთვის ცოდნის გაზიარების მიზნით. აღნიშნული პორტალის მეშვეობით, კორეელ მომხმარებელს ეძლევა საშუალება სწრაფად და მარტივად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კორეის ღვინის ბაზრის, დისტრიბუტორებისა და იმპორტიორების, ღვინის სახეობებისა და ფასების, რეალიზაციის ადგილების, სხვადასხვა საპრომოციო აქტივობების, ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების, დეგუსტაციების, მასტერკლასებისა და სემინარების შესახებ. ასევე, მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის, მისი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული კულტურის შესახებ. საიტის ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად 300 ათას აღწევს, ვებგვერდის ნახვები ყოველთვიურად დაახლოებით მილიონს აჭარბებს, ხოლო საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერთა რაოდენობა 60 ათასზე მეტი ადამიანია. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა გამოფენებს, უზრუნველყოფს B2B ფორმატის შეხვედრების დაგეგმვას.
ამავე წლის სექტემბრის თვეში, ღვინის ბარში ადგილობრივი ღვინის დარგისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი და პროფესიული ღვინის მასტერკლასი გაიმართება.