სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის  400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის  შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი  წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ  ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის  შედეგებს.  შესაბამისად,  საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით  ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს)  სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი,  კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების  კვლევას განაგრძობს. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84  ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

"ლაბორატორიული კვლევით,  ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში.  ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა  და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).

სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ  საზოგადოების ინფორმირებას",-აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.