ქართული ღვინო დაძველების შემდგომ ძალიან კარგ ხასიათს ავლენს, რადგან აქვს პოტენციალი, რომ მან უფრო მეტად წარმოაჩინოს თავი დროთა განმავლობაში და ბაზარზე უფრო ძლიერი პოზიციონირება ჰქონდეს - გადავწყვიტეთ, რომ ახლად წარმოებული ღვინოების რეალიზაცია აღარ მოვახდინოთ, ამის შესახებ "იას მეღვინეობის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ია იმერლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, "იას მეღვინეობის" ღვინის 30% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 70% ადგილობრივ ბაზარზე რჩება, საიდანაც ნაწილი ძველდება, ხოლო ნაწილი ღვინის მაღაზიებში იყიდება.

"ამ ეტაპზე, ექსპორტზე პოლონეთში და გერმანიაში გავდივართ, თუმცა პარალელურად ვმუშაობთ უფრო დიდ ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-სა და ინგლისის ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება - 8000 მოსავალში ვართ წარმოდგენილი და სამომავლოდ HoReCa სექტორში შესვლასაც განვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია, გვინდა, რომ ჩვენც აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი. 

ამჟამად, ჩვენი წარმადობა 8000 ბოთლამდეა და 6 დასახელება გვაქვს. ვფიქრობ, რომ უცხოეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით, კი ქვევრის ღვინოები აინტერესებთ.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ღვინის დაძველების მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და მომხმარებლებს ღვინო 3-4 წლიანი დაძველებით შევთავაზოთ. დაძველებული ღვინის პერსპექტივა უფრო საინტერესოა", - აცხადებს ია იმერლიშვილი.

ცნობისთვის, საოჯახო მეღვინეობა "იას მარანი", რომელიც ქვევრისა და კლასიკური, ევროპული სტილის კრაფტ ღვინოს აწარმოებს, გურჯაანში მდებარეობს. მეღვინეობა ნედლეულს საკუთარი ვენახებიდან იღებს. "იას მარანი" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. 

bp.ge