დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და  სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან  შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც  სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ  სპეციალურ დეგუსტაციაზე „Walk-around Tasting“  ბრიტანელი სტუმრები 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.

ჩვენს ჯგუფს აქვს ფანტასტიკური გამოცდილება და მათ ნამდვილად მოსწონთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი არსებითად გაიზარდა და გაყიდვების ზრდა ახლაც გრძელდება. ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უძველესი ღვინის კულტურა, სწრაფად ხდება ცნობადი და ქართული ღვინის ტურიზმიც სულ უფრო პოპულარულია“, - აღნიშნა კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.  დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში  ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 245 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.