საქართველოს მალე აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია ექნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა,ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა, ფერმერთა გადამზადება, ხარისხობრივად უკეთესი პროდუქტის წარმოება, მარკეტინგულად ბაზრების დივერსიფიცირება იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომლის მისაღწევადაც აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია შემუშავდა.
სტრატეგიაშია გაწერილია ასევე, რომ 2030 წლისთვის საქართველოს შიდა წყლებში, თევზის წარმოება 20 ათას და მეტ ტონაზე უნდა ავიდეს.
„გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია ისიც, რომ ქვეყანამ აქ წარმოებული თევზის ხარისხი ისე უნდა გააუმჯობესოს, რომ პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზრებზე გავიდეს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას ხელს შეუწყობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა, გადაგზავნილი გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და ის დიდი ალბათობით, მიმდინარე თვის ბოლოს, ან აპრილის პირველ ნახევარში დამტკიცდება“, - აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობდა. პროცესებში ჩართული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კერძო სექტორიც.
„აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწორად განსაზღვროს დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები. საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. ამ დოკუმენტის აღსრულებით კი, ქვეყანა საკუთარი პოტენციალის გამოყენებასა და შესაბამისად, აკვაკულტურის დარგის ტრანსფორმაციას შეძლებს“, - განმარტა „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა.
მან საქართველოს აკვაკულტურის შესახებ კანონიც შეაფასა, რომელიც ქვეყანაში გასული წლის მარტის თვიდან უკვე მოქმედებს და მიზანი მის შემთხვევაშიც, აკვაკულტურის პასუხისმგებლიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა, ასევე აკვაკულტურის საქმიანობის მოწესრიგება შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და საქართველოს შიდა წყალსატევების განსაზღვრულ ადგილებში.
„ამ მიზნით, როგორც ვიცი, ზღვაზე უკვე გამოიყო აკვაკულტურის ზონები, განხორციელდა აკვაკულტურის ობიექტების რეგისტრაცია, რამაც სექტორის კონტროლი გააუმჯობესა. შედეგად, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წარმოებული თევზის ხარისხიც გაუმჯობესდა. ამასთან, წლიდან წლამდე მზარდია წარმოებაც, თუმცა აკვაკულტურის სექტორში გამოწვევები კვლავ რჩება და ესენია - ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, დაავადებების კონტროლი, წყლის ხარისხი, ასევე ინფრასტრუქტურის და ლაბორატორიული სიმძლავრეების გაუმჯობესება. სწორედ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიით“, - განაცხადა მარუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე თითქმის 3 წელია მუშაობს. სტრატეგიაზე მომუშავე მხარეების თქმით, ეს დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდება ქვეყანაში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის