„პირუტყვის სულადობის შემცირება ცალსახად არ აისახა მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე. ხორცის წარმოებაში მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ამისგან განსხვავებით, შემცირდა რძის წარმოება.“-ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023.“

საქართველოში საქონლის მაქსიმალური რაოდენობა 1990 წელს დაფიქსირდა. 1991-1995 წლებში საქონლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ბოლო წლების, განმავლობაში კი მეტნაკლებად დასტაბილურდა.

დოკუმენტის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოება აუცილებელი საარსებო პირობაა საზოგადოებისთვის. მისი უზრუნველყოფის საფუძველია სასურსათო დამოუკიდებლობა. საქართველოში დაბალია მოსახლეობის ადგილობრივი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის დონე. მოხმარებული ხორცისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი წილი, 50%-ზე მეტი იმპორტირებულია. გარდა ამისა, დაბალია ამ პროდუქტების მოხმარებაც: ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლები, დაახლოებით, 40 კგ ხორცი მოიხმარება, ვიდრე ევროკავშირში, სადაც 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 64 კგ ხორცის მოხმარება დაფიქსირდა. ამასთან,  2016 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე რძის პროდუქტების მოხმარება შეადგენდა 184 კგ-ს, ხოლო ევროპაში - 288 კგ-ს