გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აგროდაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში ეს მექანიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება. ათასობით ფერმერი უკვე ენდობა ამ სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ.

თუმცა, პროცესს თან ახლავს გამოწვევებიც, მათ შორის ანაზღაურების მოლოდინთან შესაბამისობა და შეფასების პროცესის გამჭვირვალობა. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით არის მკაფიო; ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ცნობადობა, გავაძლიეროთ ნდობა სისტემის მიმართ და გავხადოთ ის უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად დააზღვიონ საკუთარი რისკები, რაც უზრუნველყოფს მათ უწყვეტ განვითარებას და საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სადაზღვევო სექტორისა და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.