დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

„ორ ქვეყანას შორის არსებობს დიდი შესაძლებლობები როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის, ასევე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მომზადდება მემორანდუმი, რომელიც მომავალში გაფორმდება და გახდება ძლიერი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი, ხოლო ისრაელიდან საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან. ვაპირებთ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე, რათა კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიწიოთ. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს სასწავლი ერთმანეთისგან“, - განაცხადა ავი დიხტერმა, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.