გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პროექტი „მონიტორინგი, მონაცემთა შეგროვება და ცნობიერების ამაღლება საქართველოში შავი ზღვის მეთევზეობის სფეროში“ ხორციელდება.

აღნიშნული პროექტი საქართველოში სანაპირო მეთევზეობის (SSF) სექტორის აღწერას, მეთევზეების შესახებ სოციალური და ეკონომიკური მონაცემების შეგროვებას, მონაცემთა ბაზის შექმნას, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას  უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო მეთევზეობის სექტორში არსებული პრობლემები და სანაპირო მეთევზეების გამოწვევები. ხაზი გაესვა მეთევზეებსა და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხებს.

ამავდროულად, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის, ასევე, ადგილობრივი მეთევზეებისთვის თემაზე: „შავ ზღვაში ზუთხისებრთა სახეობებისა და შავი ზღვის კატრანის თანჭერილში მოხვედრისას უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება“ ტრენინგი ჩატარდა.

აღნიშნული პროექტი ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) და გლობალური ეკოლოგიური ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარეობს.