გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და ქვემო ქართლში, აკრძალული საშუალებებით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა  ხრამულის სახეობის 5 კგ. თევზი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამზე, მოქალაქეებმა ელექტროდენით უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 17,8 კგ. თევზი. ბრაკონიერებმა მიმალვა და წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რის გამოც მათ მიმართ ოქმები დაუმორჩილებლობის შესაბამისი მუხლითაც შედგა.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.