გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.
სოფელ გელაურის მკვიდრს საცხოვრებელი სახლის სარდაფში 22 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში, აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 212 ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, ხოლო 53 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. ამავე პერიოდში, აჭარაში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.







