სახელმწიფო ძალისხმევას არ აკლებს, რომ ქართულ ღვინოს სახელი გაუთქვას და გლობალურ ბაზარზე დაამკვიდროს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ღვინის ყველა მოყვარულმა უკვე იცის ქართული ღვინო და საქართველო ღვინის სამშობლოსთან ასოცირდება, თუმცა გაყიდვები არის სწორედ ის საქმე, რაშიც კერძო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, კერძო კომპანიებმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს და გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ ქვეპროგრამის სახით გამოგვეყო ის ღონისძიებები, რომელთა წარმართვის საშუალება არ აქვს ჩვენს სააგენტოს და სახელმწიფოს. აქ საუბარია sales მარკეტინგის კომპონენტზე, რაც გულისხმობს  მაღაზიის ქსელებში პრომოციების მოწყობას, სარეკლამო საქმიანობას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით ამ პროგრამის ქვეპროგრამა, რომელსაც არსად ეფექტიანობა უდევს. თანხა ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მარკეტინგული ხარჯი გასწია და  ამავდროულად მისი ექსპორტი კალენდარულ პერიოდში გაიზარდა. ამ პროგრამის დიზაინი თავისთავად გულისხმობს, რომ პროგრამა იყოს შედეგიანი და შედეგი იყოს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა.

რაც მეტად გაზარდა კომპანიამ ექსპორტი, მით მეტი დანახარჯი აუნაზღაურდება, რაც მან ექსპორტის გაზრდისთვის გასწია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს სიამაყის უფლება, რადგან ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო ათწლეულის მანძილზე მზარდია. 2024 წელს მხოლოდ ღვინის კომპონენტმა სახელმწიფოს 250 მლნ დოლარი მოუტანა. ამას დამატებული სხვა ყურძნისეული სასმელები და ჯამში ქართული ყურძნისეული პროდუქტის, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა ნახევარ მლრდ. დოლარს გადააჭარბა, რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი წარმატებაა. მათ შორის, წარმატება გვაქვს ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე როგორებიცაა: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იაპონია და წელს უკვე ჩინეთშიც საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს.

სახელმწიფო რჩება ლოკომოტივად, თუმცა ამ პროგრამას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ კერძო სექტორის აქტივობა მზარდია. პირველ წელს მხოლოდ 10 000 ლარი გავეცით ამ პროგრამის ფარგლებში და 2 წლის შემდეგ უკვე 700 000 ლარს შეადგენს ეს თანხა, რაც ნიშნავს, იმას, რომ კერძო სექტორმა შესაბამისი აქტივობა გასწია. შესაბამისად, სახელმწიფოს და კერძო კომპანიების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

ცნობისთვის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში 2021 წლიდან მიმდინარეობს. წელს თანადაფინანსების სახით 9 კომპანიამ ჯამურად, 700 ათასამდე ლარი მიიღო.