ფერმერების დიდი ნაწილი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებისგან თავს მაღალი ღირებულების გამო იკავებს, - ამის შესახებ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბაზარზე მოთხოვნა არის, თუმცა კომპანიის გაყიდვები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნულის მიზეზად სისტემის მაღალ ღირებულებას ასახელებს.
"ვისაც ჰქონდა ბადეების დამონტაჟების ფინანსური შესაძლებლობა უკვე დაამონტაჟა. ფერმერებს სურვილი აქვთ, რომ აღნიშნული სისტემა ნაკვეთებში დააყენონ, თუმცა მთავრობის მხრიდან დაფინანსების გაზრდას ელოდებიან. დღეს, მთავრობის მხრიდან მხოლოდ 10%-ით ფინანსდება აღნიშნული მიმართულება. ვვარაუდობ, რომ თუ დაფინანსება 30%-მდე მაინც გაიზრდება ჩვენი კომპანიის გაყიდვები გაოთხმაგდება. ფერმერებმა აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართეს შესაბამის უწყებას და საკითხის გადაწყვეტის მოლოდინში არიან", - აცხადებს ავთანდილ მაისურაძე.
კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამ ეტაპზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟების ღირებულება 1 ჰა-ზე 60 000 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, "აგრობადეს", რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა, ამჟამად, დღეში 10 000 კვ.მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადის წარმოება შეუძლია. საწარმო ჯერ გაფართოებას და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას გეგმავს, სამომავლოდ კი - პროდუქციის ექსპორტიც განიხილება.
bp.ge