გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიური საფრთხეების თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტები თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მუშაობის პრინციპებს, მათი საშუალებით მიღებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებს, ასევე მონაცემების საფუძველზე გეოლოგიური პროცესების შეფასებასა და შედეგების ინტერპრეტაციას გაეცნენ.
თეორიულ სწავლებასთან ერთად, ტრენინგი საველე სამუშაოებსაც მოიცავდა. სააგენტოს სპეციალისტებმა იმ აქტიურ მეწყრულ უბნებზე იმუშავეს, სადაც გეოლოგიური პროცესების მუდმივი დაკვირვებისთვის თანამედროვე მონიტორინგის სისტემებია განთავსებული. პრაქტიკული სწავლების დროს მათ უშუალოდ შეაფასეს მონიტორინგის სადგურების მუშაობა და მიღებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები.
ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგის, მონაცემთა ანალიზისა და შეფასების მიმართულებით გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს გააძლიერებს .
სწავლება ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით განხორციელდა.






