ცირკულარული ეკონომიკის, მწვანე მეწარმეობისა და დადებითი სოციალური გავლენის მიზნით შექმნილი საწარმო "ხიბლი" გორის რაიონში მდებარეობს.
როგორც საწარმოს დამფუძენებლი თამარ ხიბლიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მიზანი ენერგოეფექტური, ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მომუშავე წარმოების შექმნა იყო, რომელიც ხილისგან და მისი ნარჩენებისგან შექმნის ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის.
"ჩვენი ისტორია 2013 წლიდან იწყება, მაშინ როდესაც ოჯახი სოციალურად დაუცველობის სტატუსს მივეკუთვნებოდით, მე, ჩემს ოჯახსა და ჩემს თანასოფლელებს გვიწევდა ტყეში წასვლა და იქ შინდის დაკრეფა, შემდეგ ამ დაკრეფილ შინდს ვყიდდით ქალაქ გორში დილის 5-6 საათზე, ხშირად ყოფილა რომ ბაზარზე გატანილი შინდი ვერ გაყიდულა, სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, რომ სოფელ ატენში თუ იქნებოდა საწარმო, სოფლის მაცხოვრებლები შეძლებდნენ სხვადასხვა მოსავლის ჩაბარებას და ფინანსური შემოსავლის წყაროც გაჩნდებოდა სოფელში.
დროთა განმავლობაში ვისწავლე, დავიწყე მუშაობა, გავემგზავრე გერმანიაში და სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს შევიტყვე, რომ საქართველოს ჰქონდა პოტენციალი ეწარმოებინა გამომშრალი ხილი, მალევე მივიღე გადაწყვეტილება და დავბრუნდი საქართველოში. ჩამოსვლისთანავე მოვიძიე საგრანტო კონკურსებზე ინფორმაცია. გავიარეთ ბევრი ეტაპი და წინაღობა, იქედან გამომდინარე, რომ არ ვფლობდი საკუთარ ფართს საწარმოსთვის, თუმცა სოფელში მოვნახე საწარმოსთვის შესაფერისი ადგილი, ამასთანავე 2022 წელს მოვიპოვეთ "აწარმოე საქართველოში"-ს 30 000 ლარიანი გრანტი, შევიძინეთ საჭირო ინვენტარი და საბოლოოდ გავაკეთეთ HACCP-ის სტანდარტების საწარმო,"-აღნიშნავს თამარ ხიბლიშვილი.
ამ ეტაპზე საწარმო მომხმარებლებს გამომშრალი ხილის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: შავი ქლიავი, ვაშლი, ხურმა, ფორთოხალი, მსხალი, ბანანი, კივი და სხვა. ასევე ჩურჩხელას, ტყლაპსა და თაფლს. წარმოების პროცესში კი მთელი ოჯახია ჩართული. რაც მთავარია პროდუქტის დასამზადებლად არ გამოიყენება დანამატები, როგორიცაა შაქარი და გოგირდი, რადგან როგორ კომპანიაში აცხადებენ, მთავარი ნიშა ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა.
"ნედლეულს ვყიდულობთ გორის რაიონის ადგილობრივი ფერმერებისგან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ გვრჩებოდა ხილის ნარჩენი, რომელიც უნდა გადაგვეყარა და ამით დაბინძურდებოდა გარემო, ამიტომ მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნარჩენებისგან გვეწარმოებინა სპირტი, მაგრამ აქაც გვრჩებოდა ნარჩენი.
გამომდინარე იქიდან, რომ ორიენტირებულები ვართ საწარმოს გაზრდაზე, ლოგიკურია, რომ მეტი ხილის გადამუშავებით კიდევ უფრო მეტი ნარჩენი გვრჩება. ამიტომ დავიწყეთ კომპოსტირებაზე მუშაობა, ამ ეტაპზე გაკეთებული გვაქვს mvp, სადაც დაკვირკვებას ვახდენთ კომპოსტირებისგან წარმოებულ სასუქზე, სწორედ მუშაობის პროცესში ვიყავით, როდესაც გამოცხადდა impact hub Tbilisi-ის efes Georgia-ს gogreen პრე აქსელერატორი, შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60- მდე სტარტაპმა და ჩვენი კომპანია მოხვდა 9 საუკეთესო გუნდს შორის. ასევე, rdye-სგან მოვიპოვეთ €7500 გრანტი. ამ პროექტმა შეგვძინა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა, სწორედ მათი წყალობით ხდება ახლა 420 კილოგრამიანი საშრობი აპარატის შეძენა, რაც მნიშველოვნად გაზრდის წარმოებას."-ამბობს თამარ ხიბლიშვილი.
საწარმო 10 თვეა დაარსდა, თუმცა აქტიურად არის წარმოდგენილი გამოფენა გაყიდვებში და ტურისტულ ზონებში.
"ჯერ მხოლოდ ორი ადამიანი გვყავს დასაქმებული, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველობის სტატუს, თუმცა ვგრგმავთ მათი რაოდენობა კიდევ 10-ით გავზარდოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენი ნაწარმის ხარისხი გვაძლევს საშუალებას, რომ გავიდეთ ექპორტზე, თუმცა, ამისთვის საკმარისი პროდუქტის წარმოებაა საჭირო.
საწარმოს უმთავრესი გეგმა არის საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება, შემდეგ ვაპირებთ ტურისტული მასტერკლასების ჩაშვებას, რაც გულისხმობს ტურისტისთვის ღვინის დაგემოვნებას, თაფლის წარმოების ნახვას, ჩურჩხელის ამოვლების პროცესს და ასე შემდეგ. შემდეგი გეგმა არის და იმედი გვაქვს რომ გამოვა, სოფელ ატენში საკუთარი მიწის შეძენა, სრული სტანდარტებით საკუთარი საწარმოს აშენება და ვენახების გაშენება. შემდეგ კი თავისუფლად და უპრობლემოდ შევძლებ ექსპორტზე გასვლას."- აღნიშნავს "ხიბლის" დამფუძნებელი თამარ ხიბლიშვილი.