2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი პროდუქციის ექსპორტზე: კარტოფილი - 38-ჯერ, კაკლოვანი ხილი - 46 %-ით, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 93 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 30%-ით და მინერალური და მტკნარი წყლები - 17 %-ით.
"საანგარიშო პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი და აზერბაიჯანი. კაკლოვანი ხილის ექსპორტი 9.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულია 15.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია. გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 16.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 10.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ექსპორტირებულია რუსეთში.
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება 7.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30.9 მლნ აშშ დოლ არი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 6.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 43.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა,"- წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.