სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ გორში ადგილობრივი ფერმერებისთვის GECSA-ს ციფრული პლატფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი პლატფორმის შესაძლებლობების გაცნობა, კლიმატური რისკების, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების პროგნოზირების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თანამედროვე ციფრული სერვისების გამოყენებით სოფლის მეურნეობაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა იყო.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი დაავადებებისა და მავნებლების დროული გამოვლენის, პრევენციისა და ეფექტიანი მართვის თანამედროვე მიდგომებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია GECSA-ს ციფრული პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ, რომელიც კლიმატური რისკების, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების პროგნოზირების საფუძველზე ფერმერებს დროული და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი, ცენტრის აგრონომი ილია მჭედლიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) წარმომადგენელი ედუარდ შერმადინი უძღვებოდნენ.

GECSA გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პარტნიორობით, პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“ ფარგლებში შემუშავებული ციფრული აგროპლატფორმაა. პლატფორმა ფერმერებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი კლიმატური საფრთხეების, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკების შესახებ, რაც დროული და ეფექტიანი აგრონომიული გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს.