საქართველოში ნუშის წარმოება იზრდება, ხოლო ქართული ნუშის მოსავლის  წინასწარმა პროგნოზმა თავდაპირველ მოლოდინს გადააჭარბა. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან"  ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა , ნიკო ნიკოლაძემ  განაცხადა. 

"ველოდებით, დაახლოებით  4000 ტონა გაუტეხავ ნუშს,ეს არის იმაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე წლის დასაწყისში ვპროგნოზირებდით. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტია’’-  აცხადებს ნიკოლაძე.

მისივე ინფორმაციით, ქართველი ფერმერების მიერ ნუშის წარმოების დაწყებამდე იმპორტირებულ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავდა, რის გამოც მისი ფასი საკმაოდ მაღალი იყო. დღეს უკვე იმპორტირებულ პროდუქტს ქართული ნუში უწევს კონკურენციას, რამაც ფასების შემცირება  გამოიწვია. ადგილობრივი წარმოების ზრდისა და გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ნუშის იმპორტი შემცირდა, ხოლო მისი ღირებულება ბაზარზე დასტაბილურდა.

„წლიდან წლამდე ქართული პროდუქციის წილი იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მომხმარებლები ადგილობრივ ნუშს მოიხმარენ — მისი წილი მოხმარებაში 80%-ზე მეტია.

ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მწარმოებლებს იმპორტიორებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს.  შესაბამისად, მათი მოტივაცია, რომ ნუში შემოიტანონ, ფაქტობრივად, ნულზეა დაყვანილი, რადგან ქართულ ნუშთან კონკურენციას ვერ უძლებენ“, — აცხადებს ნიკო ნიკოლაძე.

ექსპორტთან დაკავშირებით გადაცემაში აღინიშნა, რომ ქართული ნუშის ექსპორტი ევროპულ ბაზრებსა და მეზობელ ქვეყნებში წლებია ხორციელდება. თუმცა, შიდა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, წელს ნუშის დიდ ნაწილს ადგილობრივი ბაზარი აითვისებს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის განცხადებით, დღეს უკვე აუცილებელია წარმოების მოცულობისა და ფართობების ზრდა, რაც უზრუნველყოფს იმ საკმარის რაოდენობას, რომელიც ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გავა.

„პირველ რიგში, უნდა გავზარდოთ ნუშის  წარმოება/მოცულობა, ამისთვის კი რამდენიმე წინაპირობა არსებობს -  ერთი ის, რომ საქართველოში არსებული ბაღები უფრო პროფესიონალური უნდა გახდეს, რაც, როგორც უკვე გითხარით, წლიდან წლამდე ისედაც ხდება. ამასთანავე, უნდა გაიზარდოს ნუშის ფართობები, რაც მოგვცემს იმ მოცულობას, რომელიც, მაგალითად, ევროპის ბაზარზე იქნება ექსპორტირებადი,“ — აცხადებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

სექტემბერი ნუშის მოსავლის აღების აქტიური პერიოდია. როგორც ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავს, თუ ერთმანეთს შევადარებთ წინა წლებში მოსავლის აღების პროცესს და იმას, თუ როგორ ცდილობდნენ კომპანიები ტექნოლოგიების ქართულ რეალობასთან მორგებას, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ.

ფერმერები სწრაფად ადაპტირდნენ -  მათ უკვე ისწავლეს, როგორ აიღონ მოსავალი და რა ტექნიკა გამოიყენონ. მათ ასევე გააცნობიერეს, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების პირდაპირი გადმოტანა სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა, ამიტომ მიღებული ცოდნა ქართულ რეალობას მოარგეს.

მან ასევე ისაუბრა ინდუსტრიის განვითარების მთავარ საჭიროებებზე და აღნიშნა, რომ ქართულ აგროკულტურაში ფერმერების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხელშეწყობა დასჭირდება. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული.

„ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხელშეწყობა — მათ შორის პირველადი წარმოების, საგრანტო და შეღავათიანი კრედიტების მიმართულებით. სახელმწიფომ სწორედ ახლახან დაანონსა 40%-იანი "ქეშბექის" პროექტი, რომელიც ორმხრივი კომუნიკაციის შედეგად ჩამოყალიბდა და ქართულ აგროკულტურაში ფერმერების კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას გულისხმობს,"- განაცხადა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ,,ბიზნესპარტნიორთან’’ საუბრისას.

bp.ge