„აგროლეინის“ მმართველი პარტნიორის განმარტებით, ლურჯი მოცვის ფასით ძალიან ბევრი ფერმერი უკმაყოფილია. თუმცა როგორც გოგა ღვინიაშვილი განმარტავს, ფასების ვარდნას აქვს ობიექტური მიზეზები.
„ძალიან ობიექტური ახსნა აქვს ამ ფაქტს. საქართველოში წარმოებული მოცვის 90% ექსპორტზე გადის ერთ ბაზარზე - რუსეთში. სეზონის დასაწყისში ის ფასი, რომელიც არის რუსულ ბაზარზე არარეალურად მაღალია და იმ ფერმერის მოლოდინი, რომელიც ამ ფასზე აკეთებს ორიენტირს, მცდარია. ფიზიკურად, რუსეთი ამდენ მოცვს ვერ მოიხმარს. შესაბამისად, ეტაპობრივად ფასი ვარდება.“- აღნიშნა გოგა ღვინიაშვილმა.
მისივე განმარტებით, საშუალო შეწონილი ფასი, რასაც ფერმერები იღებენ მთელ მსოფლიოში 2-დან 3 დოლარამდე მერყეობს.
„ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პერიოდში დაფიქსირებული ფასი უფრო მაღალია ვიდრე ევროპაში, გალფის ქვეყნებში და ასე შემდეგ. საშუალო შეწონილი ფასი, რომელსაც ფერმერი იღებს მთელ მსოფლიოში, მერყეობს ორიდან სამ დოლარამდე. ჩვენთან, რატომღაც ეს ითვლება ძალიან დაბალ ფასად.“- აღნიშნა გოგა ღვინიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.
გასულ წელს რუსეთში 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 1200 ტონაზე მეტი მოცვი გაიყიდა. მცირე მოცულობებით, მოცვი ექსპორტზე გავიდა სომხეთსა და გაერთიანებულ საამიროებშიც. კერძოდ, სომხეთზე მოცვის მთლიანი ექსპორტის 6%, ხოლო არაბეთზე 2% მოდიოდა. რაც შეეხება პროდუქტის საექსპორტო ფასს. ეს მაჩვენებლებიც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება.
ბოლო ოთხ წელში ფასი დაახლოებით, 4 დოლარით არის გაზრდილი. მაგალითად, გასულ წელს, ერთი კილოგრამი მოცვის საშუალო ღირებულება 5.6 დოლარს შეადგენდა. 2018-ში კი მოცვის საექსპორტო, საშუალო ფასი 2.6 დოლარი იყო.